არა საქართველოს ანექსიას და დესუვერენიზაციას

მეგობრებო ალბათ თვალყურს ადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. რუსეთმა თავხედურად დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული. ადგილობრივი მეხუთე კოლონის დახმარებით ჩაატარა „რეფერენდუმი“სადაც ერთი კონკრეტული საკითხი განიხილა:-უკრაინის იურისდიქციიდან გამოსვლა და რუსეთის ფედერაციაში შესვლა. მიუხედავად იმისა რომ „რეფერენდუმმა“ ეს იდეა ხმათა მაქსიმალური უმრავლესობით-90%-ით აიტაცა, დასავლეთი ამ მოვლენას არალეგიტიმურად თვლის.

რუსეთის  ქმედებებს მოჰყვა დასავლეთის მწვავე რეაქცია და რუსეთისათვის სანქციების დაწესება, რომელიც დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების განცხადებით უფრო და უფრო მწვავე და მრავლისმომცველი გახდება.

უკვე აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ რუსეთის მიზანია „სსრკ-ს ახალ ფორმატში აღდგენა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე თავის ერთერთ სტატიაში წერს:“რიგით რომელი სამიზნეა რუსეთისათვის საქართველო ზუსტად მარტო პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან, ჩვენ კი საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს: მოსკოვში ახალი საგარეო დოქტრინა (“ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შეზღუდული სუვერენიტეტი”) გამოაგორეს და ღიად ლაპარაკობენ საქართველოს შემდგომი დეფრაგმენტაციზე, რაც გულისხმობს ახალი ავტონომიების შექმნას - ჯავახეთის ავტონომია, სამეგრელოს ავტონომია, სვანეთის ავტონომია და ა.შ.. რუსი „ექსპერტები“ და „ანალიტიკოსები“ კი სომხეთში განლაგებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის „დიდ მიწასთან“( რუსეთთან) სახმელეთო გზით დაკავშირებას ითხოვენ“.

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად?-ფაქტიურად არაფერს!!!

უცნობია რა არის ხელისუფლების ინერტულობის მიზეზი-არაკომპეტენტურობა თუ სახელმიწიფო ინტერესების საბოტაჟი, თუ ორივე ერთად?

ფაქტია, რომ სულ უფრო ფარტო მასშტაბს იღებს საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია - მავთულხლართების მორიგი გადმოწევის შემდეგ შიდა ქართლის კიდევ რამდენიმე სოფელი და ბაქო-ჯეიხანის მილსადენის ნაწილი მოხვდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (ამ რესპუბლიკის არსებობას შთამომავლობა არ გვაპატიებს). პარალელურად ქვეყანაში ძლიერდება ანტიდასავლური პროპაგანდა, რეგისტრირდება უამრავი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, იმართება რუსეთის (აგრესიული) პოლიტიკის მხარდამჭერი კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, მარშები, გამოსვლები. იქმნება ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების ახალი კერები (ჯავახეთი, აჭარა) მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგება სასაზღვრო რეგიონებში, კახეთში და ახმეტაში გაჩნდა რუსული დროშები. .

მძლავრად წამოჰყო თავი მეხუთე კოლონამ, რომელიც დღითიდღე ძლიერდება და ეს ყველაფერი ხდება საქართველოს ხელისუფლების მდუმარე თანხმობის ფონზე!!!

1989 წლის 9 აპრილის იდეა და მსხვერპლი მიზანმიმართულად ითელება და უფასურდება. ასე თუ მოხდა ჩვენი ერი საკუთარი თავის პატივისცემას დაკარგავს. თუ ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაშინ ისე უნდა მოვიქცეთ როგორც სახელმწიფოს ეკადრება და არა დასახლებულ ტერიტორიას.

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან:

  • შეწყდეს აბაშიძე-კარასინის კონტრპროდუქტიული „შეხვედრები“ და ყველა თემა განხილულ იქნას ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების თანდასწრებითა და უშუალო მონაწილეობით
  • საქართველოს მთავრობამ დააწესოს პროპორციული სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის
  • საქართველოს მთავრობამ მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათი დახმარება მცოცავი ანექსიისა და ახალი ინტერვენციის თავიდან აცილების მიზნით
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი ნოტით მიმართოს რუსეთის მთავრობას მავთულხლართების მორიგი გადმოწევის გამო (მალე გორშიც ჩამოვლენ)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ მოიწვიოს ეუთოს დამკვირვებლები და გააცნოს ვითარება:- „მავთულხლართების დინამიკა“
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოიძიოს რუსული პასპორტების დარიგების ფაქტები და გაატაროს აღმკვეთი ღონისძიებები ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში
  • იურიდიული შეფასება მიეცეს ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომელ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალური პირების ქმედებებს, მათ მიერ ოკუპანტი ქვეყნის პოპულარიზაციის ფაქტებს. გატარდეს აღმკვეთი ღონისძიებები ასეთი ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური პირების მოქმედების საწინააღმდეგოდ.
  • აიკრძალოს რუსეთიდან დაფინანსებული ან რუსეთის თანამონაწილეობით დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციები
  • თავდაცვის სამინისტრომ დაიწყოს სამხედრო წვრთნები შესაძლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგობისათვის. აქ იგულისხმება არა მარტო ფიზიკური არამედ ფსიქოლოგიური, მორალური, პატრიოტული და ისტორიული პასუხისმგებლობა.

საქართველოს გულშემატკივრები    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.