არა "რესურსების მაქსიმალური ათვისების" პოლიტიკას

https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/q71/554585_10151581248472462_74396680_n.jpg

მიმართვა

 

ბოლო პერიოდში, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყნის ჰიდრო-რესურსების მაქსიმალური ათვისება და რაც შეიძლება მეტი ჰესის აშენება. მათი განცხადებები და ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგება როგორც საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამას, ისე საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 25 ოქტომბერს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“.

დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის საარჩევნო პროგრამაში ცალსახად იყო განსაზღვრული, რომ ქვეყანაში აიკრძალებოდა დიდი ჰესების მშენებლობა. ამას იმეორებდნენ პარტიის ლიდერები, მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული აქტივისტები წინასაარჩევნო შეხვედრებისას. ისინი არწმუნებდნენ რეგიონების მოსახლეობას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, მათი სახლ-კარი ჰესების წყალსაცავების ფსკერზე აღმოჩნდებოდა, ბუნებრივი ეკოსისტემები  განადგურდებოდა, ამ საშიშროებას კი, მხოლოდ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება აარიდებდათ. საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ ჰიდროენერგეტიკა განვითარდებოდა თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით. როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბლოკის, ისე სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვა.

 

სამწუხაროდ, ახალი მთავრობის ეკონომიკური გუნდი არ ასრულებს წინაასაარჩევნო დაპირებებს,  მისი ქმედებები კი, ეწინააღმდეგება სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, სადაც აღნიშნულია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს მდგრადი განვითარების მოდელს. სამწუხაროდ, მთავრობამ ვერ შეიმუშავა ეკონომიკური განვითარების ვერანაირი მოდელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ეკონომიკის განვითარების ერთადერთ გზად, ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ექსპლუატაცია მიიჩნია და ინვესტიციების მოზიდვას, სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს. ეს თან ხორციელდება ისეთი გზებით, რომ საფრთხე ექმნება სამთავრობო პრიორიტეტების - სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის - შესრულებას.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის საპირისპიროდ, კვლავ გრძელდება წინა მთავრობის დროს დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც ჰესების პროექტების განსახორციელებლად, ინვესტორებთან ხელშეკრულებები იდება ბუნებრივ გარემოზე და მოსახლეობაზე ზემოქმედების წინასწარი შეფასების გარეშე. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს ენერგეტიკის სამინისტროს, ზეწოლა მოახდინოს ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების პროცესზე და აიძულოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გასცეს დადებითი დასკვნები დესტრუქციულ პროექტებზე.

რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკის გამოძახილია საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნაც. ამ შემთხვევაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქვეყნისთვის განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონე ადგილის დაცვაზე მაღლა, კონკრეტული ბიზნეს-ინტერესები დააყენა და ყოვლად გაუმჭვირვალე და მიკერძოებული პროცესის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დაცვის სტატუსი მოუხსნა.

 

ანალოგიური მიდგომის მაგალითებია: ბუნების ძეგლის - ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინების - დაზიანება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისას; ენერგეტიკის სამინისტორს მიერ კიდევ ერთი ბუნების ძეგლის - ხდის ხეობის - ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის ლობირება.

 

საგულისხმოა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღევანდელი მთავრობის ბევრი წარმომადგენელი კერძო ბიზნესში მოღვაწეობდა და მათი საქმიანობა სწორედ ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებასთან იყო დაკავშირებული. ანალოგიურად, წინა ხელისუფლებაში მყოფმა არაერთმა თანამდებობის პირმა ბიზენს-სექტორში გადაინაცვლა. ვინაიდან ცალკეული სამინისტროები, პრაქტიკულად, წინა მთავრობის პროგრამით ხელმძღვანელობენ და ვერ ახერხებენ მიდგომების შეცვლას, დასაშვებია, რომ ზოგიერთ თანამდებობის პირს გააჩნდეს პირადი მიზნები, რომელთაც ნიღბავენ სახელმწიფოებრივი ინტერესებით. ასეთი შესაძლებლობების შეუსაწვლელობა და იგნორირება ნიშნავს ელიტური კორუფციის ახალ სქემებზე თვალის დახუჭვას და კიდევ ერთი საარჩევნო დაპირების - ბოლო წლებში გავრცელებული ელიტური კორუფციის მასშტაბებისა და მექანიზმების შესწავლა და მისი აღმოფხვრა - შეუსრულებლობას.

 

გარდა ამისა, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ განიკურნენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული კიდევ ერთი დაავადებისგან - საწინააღმდეგო და  კრიტიკული მოსაზრებების მქონე ადამიანებისთვის თუ ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა იარლიყების მიკერებისგან. ეს, მაშინ, როდესაც  „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში, ქვეყანაში არსებული კრიზისის და საზოგადოებაში ყოვლისმომცველი უსამართლობის მძაფრი განცდის გამომწვევ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზად, სწორედ, „ხელისუფლების მიერ თავის მოწინააღმდეგეთა მტრად შერაცხვა“ სახელდებოდა.

 

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, მოვითხოვთ, რომ:

 

1. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა

  • შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის, შემდეგი: „მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. მოქალაქეთა ჩაბმულობა სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვისა და რეალიზაციის პროცესის უმთავრესი საფუძველი იქნება“;
  • გაითვალისწინონ, რომ მთავრობის პრიორიტეტები - სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა არ არის მხოლოდ დარგობრივი სამინისტროების საზრუნავი და მთავრობის მთელი გუნდის პასუხისმგებლობას წარმოადგენს;
  • რეგულირების კონკრეტული მექანიზმების შემოღების გზით, უზრუნველყონ ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - „ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი“ - რეალიზება;

 

2. საქართველოს პარლამენტმა

  • განახორციელოს მკაცრი კონტროლი სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე;
  • დაუყოვნებლივ დასვას შესაბამისი სამინისტროების (ენერგეტიკა, ეკონომიკა) პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი;
  • ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს „ელიტური კორუფციის“ საკითხები;

 

3.  ენერგეტიკის სამინისტრომ

  • დეტალურად შეისწავლოს სქართველოს ენერგო-სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობა  და ენერგო-პოტენციალი;
  • საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებთან, ასევე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაციით და ფართო საჯარო განხილვების საფუძველზე, შეიმუშავოს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგია;
  • ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებაზე გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ ეროვნულ სტრატეგიაზე დაფუძნებით და ყოველი პროექტის წინასწარი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური სარგებლიანობის კვლევების საფუძველზე გარემოსდაცვის სამინისტროსტან შეთანხმებით;
  • გადაწყვეტილებები მიიღოს ადამიანთა გარემოსდაცვითი და სოციალური უფლებების პატივისცემით და ხელი შეუწყოს ამ უფლებების რეალიზებას;

4. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ

  • აღუდგინოს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს  მაღაროს;
  • აღკვეთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მეცნიერული კვლევის გარეშე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • შექმნას  სამეთვალყურეო სამსახური, რომელიც დაიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს არასათანადო არქიტექტორული ჩარევებისაგან;

 

5. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ

  • გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი ასპექტები როგორც რეგიონული განვითარების სტრატეგიისა და გეგმების, ისე კონკრეტული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას;
  • უზრუნველყოს მკაცრი მონიტორინგი გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე მის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში;
  • უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე მათი განხორციელების მონიტორინგისას;

 

6. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ

  • ეკონომიკური განვითარების სტრატეგია დააფუძნოს ბლოკ „ქართული ოცნების“ წინა-საარჩევნო პროგრამულ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური განვითარება უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპს და აბალანსებდეს გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს;
  • თბილისსა და სხვა ქალაქებში უკვე გასხვისებული „მწვანე“ ტერიტორიების ნაცვლად, სადაც გამწვანებას განადგურება ემუქრება, უზრუნველყოს ინვესტორებისთვის ალტერნატიული ტერიტორიების გამოყოფა.

 

7. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ

  • ფართო საზოგადოებრივი განხილვების საფუძველზე, შეიმუშავოს და მთავრობას წარუდგინოს დასამტკიცებლად გარემოს დაცვის ეროვნული პოლიტიკა და სტრატეგია;
  • სასწრაფოდ გადახედოს და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, გააუმჯობესოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის პროცედურები, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
  • დახვეწოს და გააძლიეროს გარემოსდაცვითი კონტროლი და მონიტორინგი;
  • უზრუნველყოს ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება ბუნების გამორჩეული ადგილებისთვის და მათი დაცვის გარანტირება.
  • შეიქმნას თბილისისა და სხვა ქალაქების „გარემოს დაცვის კომიტეტები“

 


არა "რესურსების მაქსიმალური ათვისების" პოლიტიკას    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.