ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

ვინც ეთანხმებით ამ მიმართვას, შეიყვანეთ თქვენი მონაცემები ქვემოთ და ასე დააფიქსირეთ ხელმოწერა

მიმართვა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას

ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში 2011 წლიდან ორი ჰიდროელექტროსადგურის - „დარიალი ჰესის“ და „ლარსი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ჰესების მშენებლობა კანონის დარღვევით დაიწყო და საზოგადოების, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი არ იქნა გათვალისწინებული.

საზოგადოებისთვის  ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, ყაზბეგის რაიონში, ხდის ხეობაში „ყაზბეგის ჰესის“ მშენებლობის დაწყება იგეგმება. ხდის ხეობა უნიკალურია და იგი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო გამოცხადებული ბუნების ძეგლად. მიგვაჩნია, რომ მის თუნდაც ნაწილზე, მსგავსი პროექტის განხორციელება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთელ ხეობას. გარდა ზემოთ ნახსენები სამი ჰესისა, ყაზბეგის რაიონში კიდევ შვიდი ახალი ჰესის აშენება დაიგეგმა. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ მალტაში რეგისტრირებულმა კომპანიამ GR-ENERGY LIMITED-მა, რომელთანაც  2012 წლის 25 იანვარს საქართველოს მთავრობამ დადო მემორანდუმი ამ  შვიდი ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და მშენებლობის შესახებ, უარი განაცხადა ექვსი მათგანის გაგრძელებაზე.  მიუხედავად ამისა, მთავრობას არ უთქვამს უარი ამ პროექტებზე, რაც ნიშნავს, რომ სხვა ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, ისინი ისევ აქტუალური გახდება.

დაგეგმილი და მშენებარე ჰესები დერივაციული ტიპისაა, რაც მდინარის უდიდესი ნაწილის კალაპოტიდან მილებსა და გვირაბებში გადაგდებას გულისხმობს, ეს კი, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ყაზბეგის რაიონის ბუნებას. ეს პროცესი შეამცირებს ჩამოსული ტურისტების რაოდენობას, რაც დღეს შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის. პროექტების განხორციელება აბსოლუტურად შეცვლის ყაზბეგის რაიონის ლანდშაფტს, რის გამოც ის დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ და ეთნოგრაფიულ ფასეულობას.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ შეჩერდეს ყაზბეგის რაიონში მშენებარე და დაგეგმილი ჰესების პროექტები, სანამ არ მოხდება საზოგადოებისთვის იმის დასაბუთება, თუ რა საჭიროებას წარმოადგენს ამ ჰესების აშენება, რამდენად მიზანშეწონილია ყაზბეგის რაიონში ათი ჰესის აშენება და რა ზიანს მიაყენებს ყოველივე ეს რაიონის ბუნებას და მოსახლეობას.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა დროულად და ობიექტურად შეაფასებს ყაზბეგის რაიონში მშენებარე და დაგეგმილი ჰესების საკითხს და მიიღებს სწორ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მონაწილეობითა და აზრის გათვალისწინებით, როგორც ეს მოთხოვნილია ორჰუსის კონვენციით.

 


გადავარჩინოთ ხევი!    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას


ან

თქვენი ელ. ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე თუმცა, პეტიციის ავტორს შეეძლება აღნიშნულ ფორმაში განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის ნახვა.

თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს ბმულით თქვენი ხელმოწერის დასადასტურებლად. To ensure you receive our emails, please add info@petitions24.com to your address book or safe senders list.
Facebook